Thursday, June 16, 2011

ვიმოძრაოთ ქართულად

ამ თემას აუცილებლად მივუძღვნი სქელტანიან ნაშრომს, ოღონდ 50 წელს რომ გადავაბიჯებ და ადამიანის ფსიქოლოგიაზე კარგად დაკვირვებას შევძლებ. დღეს კი ჩვეულებრივი ქვეითის და ხანდახან მგზავრის პოზიციიდან ვიწყებ წერას.

ორი დღის წინ ბათუმიდან თბილისში ვბრუნდებოდი მანქანით. ქართველ მძღოლებზე ისედაც გაღიზიანებულსა და წარმოდგენა დაკარგულს ავტომაგისტრალზე ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ სულ დამაკარგინა ჭკუა.

სიტუაცია: გზაზე, რომელსაც თითოეული მიმართულებით სამოძრაოდ ორი სავალი ზოლი აქვს, ზუსტად შუა წყვეტილ ხაზზე დაახლოებით 70-80კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს ჯიპის ტიპის ავტომობილი. როგორღაც ყველაზე წინ აღმოჩნდა და უკან უზარმაზარი კოლონა მიჰყვება. აქედან ჩვენ გვერგო ბედნიერება მას ზუსტად უკან მივყოლოდით. 3-4 წუთის განმავლობაში იმედი გვქონდა, რომ აზრზე მოვიდოდა და რომელიმე კონკრეტულ ზოლს დაიკავებდა. არაფერიც. ჯერ მარცხნიდან, ყველანაირი წესის დაცვით, ვცადეთ გასწრება - არ გაგვატარა. მერე მარჯვნივ პირველი ზოლიდან დავაპირეთ გაპარვა და „მოგვაწვა“. იძულებული გავხდით უკან დავრჩენილიყავით და "დაგვეცადა, სანამ სიტუაცია შეიცვლებოდა" - როგორც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების წიგნი გვეუბნება. კიდევ დიდხანს ვივლიდით ასე, მაგრამ გაგვიმართლა და გადავასწარით. სხვათაშორის რულთან ახალგაზრდა გოგონა იჯდა და საკმაოდ გამიკვირდა, არ მეგონა ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენელი მსგავს შეცდომას თუ არ მოერიდებოდა. ქალებს ისედაც სულ ლანძღავენ, მაგრამ იმ სიტუაციას მე ძალიან კაცურ მომენტს დავარქმევდი, ან უფრო მომენტს სახელად "ხეპრე ტაქსის მძღოლი".

ახლა ქალაქში ჩამოვიდეთ: კარგად თუ დააკვირდებით, შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერებული მანქანებიდან ჯიპი ყოველთვის „სტოპ ხაზს“ გადაცილებულია (თან რაც უფრო დიდია და „ბლატნოი“ ნომერი აქვს, მით უფრო მეტად), ტაქსი ზუსტად შუა ზოლზე დგას და ვერ წყვეტს რომელ მხარეს სჯობს რომ გაყვეს, „მარშრუტკები“ - საერთოდ რა საჭიროა წითელზე გაჩერება.

პირველად არ მიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა არის მძღოლების ასეთი საქციელის მიზეზი. რამდენიმე მარტივი დასკვნა, რომელიც დაუფიქრებლად მომდის თავში:

  1. უბრალოდ „ტუპოია“.
  2. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და აქეთ-იქეთ არც იხედება.
  3. რამდენიმე კვირაა ახალი მანქანა ჰყავს და თავს ვერ აკონტროლებს.
  4. უზრდელია და ა.შ.
ახლა, როცა მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე, თეორია ვისწავლე და პრაქტიკაც გავიარე, ვხვდები, რატომ ამბობდნენ ყოველთვის, რომ თბილისში მანქანით სიარული ძალიან საშიშია. მითუმეტეს, სკუტერის ტარება გოგოსთვის. 

ისე მარტო საჭესთან მჯდომებსაც ვერ დავაბრალებთ საგზაო შემთხვევების სიხშირეს. არც ქვეითები აკლებენ ნამდვილად. "რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მანქანამ 19 წლის გოგონა გაიტანა"? იქნებ ასე იყოს უფრო სწორი: "რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე 19 წლის გოგონა ქუჩაზე გადადიოდა, სადაც არც ქვეითებისთვის გამოყოფილი სპეციალური გადასასვლელი იყო და არც შუქნიშანი. ეს კი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა". 


ნუთუ არ სჯობს, რომ დამთავრდეს წუწუნი იმაზე, თუ რამხელა თანხა დაიხარჯა ქალაქში გადასასვლელი ხიდების დასამონტაჟებლად და რომ ჯობდა ეს თანხა გაჭირვებულებისთვის მიეცათ. ამის ნაცვლად, შეგვიძლია სულ რაღაც 10-15 მეტრით ზედმეტი გავიაროთ და მიწისქვეშა/მიწისზედა გადასასვლელებით ვისარგებლოთ.

... თუ არა და ასე იქნება მანამდე, სანამ ყოველ მეორეს მანქანა ეყოლება, მასა კი იქნება დაუდევარი და უკულტურო.

No comments:

Post a Comment