Saturday, June 18, 2011

რა ღირს წყალი?!

ბოლო ორი დღეა ისედაც სუნიანი და ჭუჭყიანი დედაქალაქი კიდევ უფრო აყროლდა და გალამაზდა. კიდევ კარგი უწყლობა ვიკენდს დაემთხვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ მიწევს, მაგრამ მეორე უბედურებას მაინც ვერ გადავრჩი.

დროებით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მიწევს ცხოვრება.
აქ ჩვენს მეზობელ კორპუსში ერთი ყარაბას-ბარაბასი ცხოვრობს, რომელიც ეზოში ერთადერთი ონკანის ოქროს გასაღების "owner"ია :) ამ გასაღებს მაშინ გამოაჩენს ხოლმე, როცა ძვირფასი მანქანა ჰყავს გასარეცხი და სხვათაშორის, მისი მიზეზით მთელი ეზო რამდენიმე დღე გემრიელადაა ატალახიანებული. ხოდა, რაში დამჭირდა ახლა ეს ტიპი. ამ უწყლობის "ჟამს" მან კეთილი ნება გამოიჩინა და "უბანს" ონკანზე კოდი მოუხსნა :) აი მანდ იწყება მეორე უბედურება.

არის ერთი ამბავი: აქოთებული ქალები, აი როგორ ასაკში იცით, პირის მოღების და სახლში საჭმლის კეთების გარდა რომ აღარაფრით ინტერესდებიან, სერიალებს თუ არ ჩავთვლით; პერანგ-მოღეღილი, ღიპიანი, კარგად გაოფლიანებული მამაკაცები ოჯახის "ბურჯს" რომ ეძახიან; მოპიდარასტო ძველი ბიჭები წყალი რომ სულ ჰკიდიათ, მაგრამ მაინც იქვე არიან ჩაცუცქულები, ყოველი შემთხვევისთვის; და ახალგაზრდა დედები, უზრდელი ბავშვები ტვინს რომ უბურღავენ დროზე ავიდეთ სახლშიო. მოკლედ, ერთი სიამოვნებაა ამ რიგში დგომის წვლილი თუ გერგო.

და ეს ყველაფერი რის გამო?
"17 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ღრმაღელის სათავე ნაგებობის მუშაობაში. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო" - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი".

ცოტა ბებრულად გამომივა, მაგრამ მაინც დავწერ: ალბათ იმიტომ გახდა წყალი 3 ლარი და 15 თეთრი, რომ ამის ხარჯზე ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა მოახერხონ, ისიც 20-30 წლის შემდეგ. მერე უკვე მეც ასაკში ვიქნები და სხვა ბებიებივით ვიწუწუნებ იმაზე, თუ რას გვიშვება ეს მთავრობა :)

თუმცა, მაინც იმედი მაქვს, რომ გამიმართლებს და სადმე ვერაზე, მთაწმინდაზე, საბურთალოზე ან ისეთ უბანში ვიცხოვრებ, სადაც ქართული წყლის კომპანიის პრიორიტეტები მომწვდება და წყალს გრაფიკით მაინც მივიღებ.

No comments:

Post a Comment