Tuesday, June 28, 2011

ცხელ-ცხელი ჭორები "მარშრუტკიდან"

დღეს 4 ნომერი მიკროავტობუსით რომ არ მემგზავრა და მძღოლთან ახლოს რომ არ ვმჯდარიყავი, არაჩვეულებრივ ახალ ამბავსაც ვერ გავიგებდი. ბედნიერმა მძღოლმა მის გვერდით მჯდომი დედა-შვილი გამოიჭირა და თითქმის მთელი გზა ეჭორავებოდა. თურმე ახალი ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებსაც ჯერ კიდევ მაისისთვის დაგვპირდნენ, უკვე ფოთის პორტშია, ოღონდ ჯერ კიდევ  გემზე, მალე ჩამოცლიან და ივლისში ქალაქში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას.

ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 3078 ახალი მიკროავტობუსი ყვითელი ფერის, 2011 წლის „ფორდ ტრანზიტის“, 17 ადგილიანი (16 მგზავრი + 1 მძღოლი) მოდელებია. თითოეული მანქანა აღჭურვილია ჰაერის კონდიცირების მძლავრი სისტემებით. ეს ბოლო, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. "მძლავრი კონდიცირება" ნამდვილად არ გვაწყენდა. თუმცა, აუტანელი სუნი, რომ მთლიანად გაქრეს, "მარშრუტკების" სპეციალური მოდელებიც უნდა შემოიყვანონ, იქვე ჩამონტაჟებული დუშ-კაბინით და უფასო დეოდორანტებით. ისე მართლა, კონდიცირების სისტემა რას უშველის, ერთ ნომერზე სულ რამდენიმე მიკროავტობუსი თუ იმუშავებს და ხალხს ისევ კარგად დატუმბულ ტრანსპორტში დგომით მოუწევს მგზავრობა. იმედია ჩემზე ჭკვიანები არიან და კარგად გადაანაწილებენ :)

იმასაც ამბობენ, რომ ახალი მიკროავტობუსები ცენტრალურ მაგისტალებზეც დაბრუნდებიან. აქ გაჩერებები რეგლამენტირებული იქნება და საავარიო სიტუაციებიც მინიმუმამდე დავა(?!) "ერთიანობაში ჩვენ მივიღებთ უკეთესად ორგანიზებულ, უსაფრთო და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას".

დროზე ქენით, დროზე, თორემ სანამ მე საოცნებო მანქანის ფულს შევაგროვებ, რომელიმე "მარშუტკით" მგზავრობისას კაიფში გავიპარები.

1 comment:

  1. მომეწონა პოსტი,ბოლო წინადადება განსაკუთრებით :D

    ReplyDelete