Wednesday, June 29, 2011

Google+ ახალი სოციალური ქსელი

რამდენიმე წუთის წინ ლიბერალის ერთ-ერთი ავტორის ბლოგზე ვიპოვე სტატია გუგლის ახალი სოციალური ქსელის შესახებ. პოსტის დასაწყისშივე რამდენჯერმე იყო აქცენტი გაკეთებული Fეისბუქთან პაექრობასა და შედარებებზე. მართალი გითხრათ, ცოტა გავღიზიანდი (ალბათ, როგორც Fეისბუქის აქტიური მომხმარებელი:))  და Google+-ის სიახლეებზე უფრო დეტალური ინფორმაციების პოვნა საკუთარი ძალებით გადავწყვიტე. ბევრიც არ მიწვალია. :) გიზიარებთ.

პირველი სიახლე, რაზეც თავად კომპანია ამახვილებს ყურადღებას არის Circles ანუ წრეები. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხი დააჯგუფო და ყველას ცალკეული, შენთვის სასურველი ინფორმაცია მიაწოდო. პირადად მე, ყოველთვის ვიცილებდი თავიდან უბრალო ნაცნობებს და ადამიანებს, რომლებსაც არ მინდოდა გაეგოთ მაგალითად ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, ცნობები პირად ცხოვრებაზე, აფდეითები სამსახურში მომხდარ ამბებზე. თუ იძულებული ვიყავი ვინმე ასეთი დამემატებინა, ვოლზე ყველაფრის დაწერას ვერიდებოდი, რაც ძალიან გზღუდავს. ასე რომ, ალბათ უკვე მიხვდით,  Google+-ის ეს სიახლე ნამდვილად მომწონს. 

 

მეორე საინტერესო დეტალი არის Hangouts, რომელიც საშუალებას იძლევა ვესაუბოთ ვიდეო-ჩეთში რამდენიმე მეგობარს ერთად. მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ ცალკე სკაიპი არ გქონდეს ჩართული და აქეთ-იქეთ არ იხტუნაო. 

 

...და მესამე, Sparks, რომელიც თვითონ არჩევს ჩვენი გემოვნების შესაფერის ვიდეოებს, სტატიებს და დროს/ენერგიას გვიზოგავს. ეს ბოლო განსაკუთრებულად დიდი ვერაფერი სიახლეა. იგივეს გაკეთება შესაძლებელია მაგალითად ბლოგის ზოგიერთ პლატფორმაზე. ამავე სერვისს ცოტა განსხვავებული ფორმით გვთავაზობს youtube-იც. პირადი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ეს ყველაფერი ნაკლებად ამართლებს ხოლმე. თუმცა, სხვებს შეიძლება გაგიხარდეთ. 

 

 

ქსელი მუშაობს, ჯერ მხოლოდ ტესტირების რეჟიმში. თუმცა, შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე https://plus.google.com/up/start/?sw=1&type=st, დააკლიკოთ წითელ ღილაკზე და მონაცემების შეყვანის შემდეგ, ავტომატურად მოხვდებით იმ ადამიანების სიაში, ვინც პირველი გაიგებს, როდის იქნება შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისთვის Google+-ზე დარეგისტრირება.


რაც შეეხება Fეისბუქს, მისი რეკორდის (750 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი) მოხსნა ჯერჯერობით არა მგონია მარტივი იყოს.

 

 

 


Tuesday, June 28, 2011

ცხელ-ცხელი ჭორები "მარშრუტკიდან"

დღეს 4 ნომერი მიკროავტობუსით რომ არ მემგზავრა და მძღოლთან ახლოს რომ არ ვმჯდარიყავი, არაჩვეულებრივ ახალ ამბავსაც ვერ გავიგებდი. ბედნიერმა მძღოლმა მის გვერდით მჯდომი დედა-შვილი გამოიჭირა და თითქმის მთელი გზა ეჭორავებოდა. თურმე ახალი ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებსაც ჯერ კიდევ მაისისთვის დაგვპირდნენ, უკვე ფოთის პორტშია, ოღონდ ჯერ კიდევ  გემზე, მალე ჩამოცლიან და ივლისში ქალაქში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას.

ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 3078 ახალი მიკროავტობუსი ყვითელი ფერის, 2011 წლის „ფორდ ტრანზიტის“, 17 ადგილიანი (16 მგზავრი + 1 მძღოლი) მოდელებია. თითოეული მანქანა აღჭურვილია ჰაერის კონდიცირების მძლავრი სისტემებით. ეს ბოლო, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. "მძლავრი კონდიცირება" ნამდვილად არ გვაწყენდა. თუმცა, აუტანელი სუნი, რომ მთლიანად გაქრეს, "მარშრუტკების" სპეციალური მოდელებიც უნდა შემოიყვანონ, იქვე ჩამონტაჟებული დუშ-კაბინით და უფასო დეოდორანტებით. ისე მართლა, კონდიცირების სისტემა რას უშველის, ერთ ნომერზე სულ რამდენიმე მიკროავტობუსი თუ იმუშავებს და ხალხს ისევ კარგად დატუმბულ ტრანსპორტში დგომით მოუწევს მგზავრობა. იმედია ჩემზე ჭკვიანები არიან და კარგად გადაანაწილებენ :)

იმასაც ამბობენ, რომ ახალი მიკროავტობუსები ცენტრალურ მაგისტალებზეც დაბრუნდებიან. აქ გაჩერებები რეგლამენტირებული იქნება და საავარიო სიტუაციებიც მინიმუმამდე დავა(?!) "ერთიანობაში ჩვენ მივიღებთ უკეთესად ორგანიზებულ, უსაფრთო და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას".

დროზე ქენით, დროზე, თორემ სანამ მე საოცნებო მანქანის ფულს შევაგროვებ, რომელიმე "მარშუტკით" მგზავრობისას კაიფში გავიპარები.

Thursday, June 23, 2011

20 წუთი მეტროში

რა უფრო უცნაურია - გოგონა ვიდეო-კამერით თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ყველანაირი ახსნის გარეშე, გაჩერებული მეტროს მატარებელი. ჩემთვის მეორე.
დიდი ხანია მეტროში არ ჩავსულვარ. ბოლო დროს ხშირად მესმოდა კარგი და ცუდი შეფასებები იმაზე, რომ გაჩერებების ნიშნულებზე უკვე ინგლისურადაც წერია, სადგურებს ამ ენაზეც აცხადებენ, მეტროში გვიან ღამით კონცერტები ტარდება. ვიფიქრე რაღაც შეცვლილა-მეთქი და გავბედე ჩასვლა. ჩემს ჯინაზე პირველივე გაჩერებაზე მატარებელი დაკეტილით კარით ჯორივით დადგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში არ განძრეულა. მხოლოდ დაცვის პოლიცია და მემანქანე დარბოდნენ აქეთ-იქეთ. კამერა თან მქონდა და ყოველი შემთხვევისთვის გადაღება გადავწყვიტე. სამწუხაროდ, საინტერესო არაფერი მომხდარა და სულ ტყუილად რამდენიმე უცნაური მზერაც ავიკიდე.

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასა არ იცვლება. იგივე მოღუშული სახეები, გამჭოლი მზერა, წვეტიანი "ტუფლები", ულვაშებიანი გოგონები - ეპილაცია რომ მშობელი მამის ღალატად მიაჩნიათ, ტანზე შემოტმასნული მოკლე შავი მაისურები - ხელის ყოველ მოძრაობაზე რომელიმე კარგად ჩასუქებული ახალგაზრდა მამაკაცის ღიპით ტკბობის საშუალებას რომ გაძლევს. ...და ზუსტად ეს ადამიანები გვარიგებენ დიდაქტიკური ტონით ჭკუას იმაზე, რომ საჭიროა ქართულ ენას გავუფრთხილდეთ, "მტრის" რუსული დავივიწყოთ და უფრო მეტიც, რა ჯანდაბად გვინდა ეს გაინგლისურება (ამერიკასთან ვიმეგობროთ ისე მაინც, რა იცი რა ხდება).

მერე რა, გაჩერდეს მატარებელი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამაგიეროდ ვაგონებში უფრო მეტ უცხოელს ვხედავ და ძალიან მიხარია. უფრო მეტი კონცერტიც თუ ჩატარდება მეტროში, კიდევ უფრო გამიხარდება. მისვლითაც მივალ, ოღონდ ფრანი თუ არ "იყმუვლებს" :D მაგათ სცენად ქართული "სუფრა-კლუბებიც" ეყოფათ. აღარ მინდა თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობდე, როგორც ერთხელ, 18 წლის ასაკში მადრიდის ერთ-ერთი მეტროს გაჩერებაზე (Acacias იყო მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს) ღამით ჩასულს მომიწია. სადგური თავისი ბაქნებით სავსე იყო სხვადასხვა კულტურული უმცირესობების წარმომადგენლებით, რომელიღაც ესპანელი როკერი კი ძალიან მონდომებული ინგლისურით გამოთქვამდა პროტესტს არ მახსოვს რაზე.

მე დაველოდები შემდეგ კონცერტს მეტროში. მანამდე კი რამდენად გამიჩნდება ამ ტრანსპორტით კიდევ ერთხელ მგზავრობის სურვილი, ნამდვილად არ ვიცი.

Saturday, June 18, 2011

რა ღირს წყალი?!

ბოლო ორი დღეა ისედაც სუნიანი და ჭუჭყიანი დედაქალაქი კიდევ უფრო აყროლდა და გალამაზდა. კიდევ კარგი უწყლობა ვიკენდს დაემთხვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ მიწევს, მაგრამ მეორე უბედურებას მაინც ვერ გადავრჩი.

დროებით თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მიწევს ცხოვრება.
აქ ჩვენს მეზობელ კორპუსში ერთი ყარაბას-ბარაბასი ცხოვრობს, რომელიც ეზოში ერთადერთი ონკანის ოქროს გასაღების "owner"ია :) ამ გასაღებს მაშინ გამოაჩენს ხოლმე, როცა ძვირფასი მანქანა ჰყავს გასარეცხი და სხვათაშორის, მისი მიზეზით მთელი ეზო რამდენიმე დღე გემრიელადაა ატალახიანებული. ხოდა, რაში დამჭირდა ახლა ეს ტიპი. ამ უწყლობის "ჟამს" მან კეთილი ნება გამოიჩინა და "უბანს" ონკანზე კოდი მოუხსნა :) აი მანდ იწყება მეორე უბედურება.

არის ერთი ამბავი: აქოთებული ქალები, აი როგორ ასაკში იცით, პირის მოღების და სახლში საჭმლის კეთების გარდა რომ აღარაფრით ინტერესდებიან, სერიალებს თუ არ ჩავთვლით; პერანგ-მოღეღილი, ღიპიანი, კარგად გაოფლიანებული მამაკაცები ოჯახის "ბურჯს" რომ ეძახიან; მოპიდარასტო ძველი ბიჭები წყალი რომ სულ ჰკიდიათ, მაგრამ მაინც იქვე არიან ჩაცუცქულები, ყოველი შემთხვევისთვის; და ახალგაზრდა დედები, უზრდელი ბავშვები ტვინს რომ უბურღავენ დროზე ავიდეთ სახლშიო. მოკლედ, ერთი სიამოვნებაა ამ რიგში დგომის წვლილი თუ გერგო.

და ეს ყველაფერი რის გამო?
"17 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ღრმაღელის სათავე ნაგებობის მუშაობაში. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო" - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი".

ცოტა ბებრულად გამომივა, მაგრამ მაინც დავწერ: ალბათ იმიტომ გახდა წყალი 3 ლარი და 15 თეთრი, რომ ამის ხარჯზე ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა მოახერხონ, ისიც 20-30 წლის შემდეგ. მერე უკვე მეც ასაკში ვიქნები და სხვა ბებიებივით ვიწუწუნებ იმაზე, თუ რას გვიშვება ეს მთავრობა :)

თუმცა, მაინც იმედი მაქვს, რომ გამიმართლებს და სადმე ვერაზე, მთაწმინდაზე, საბურთალოზე ან ისეთ უბანში ვიცხოვრებ, სადაც ქართული წყლის კომპანიის პრიორიტეტები მომწვდება და წყალს გრაფიკით მაინც მივიღებ.

Friday, June 17, 2011

Berlin Graffiti

ბერლინის ერთ-ერთი გარეუბანი სულ ფერადი გრაფიტით არის აჭრელებული. რეალობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე ფოტოებზე. გული მწყდება, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი არსებობს. რაღაცას მიახატავენ და გარბიან იმის შიშით, რომ პატრულმა არ დაინახოს.

Shopping


„შოფინგი“ ინგლისური სიტყვაა და ქართულად მარიაჟობას ნიშნავს. სხვა მნიშვნელობას მე ვერ ვპოულობ, რადგან ჩვენთან „შოფინგი“ მისი პირველადი მნიშვნელობით ფაქტიურად არ არსებობს.

რატომ? იკითხავს რომელიმე თინეიჯერი, რომლის ფულიანი მამიკო სულაც არ დარდობს იმაზე, რომ:
  • თბილისის მაღაზიებში H&M-ის 5 ევროიანი „ბალეტკები“ 120 ლარი ღირს;
  • პოპულარული „ბენსიმონები“ მხოლოდ ვაკის ბუტიკებში იყიდება და სეილზე 240 ლარად შეიძლება მოგცენ;
  • ჯინსის მაღაზიაში ყიდვა 120-400 ლარი ჯდება.
  • უბრალო ტანგის ფასი კი სადღაც „პადზემკაში“ შეიძლება 15 ლარიდან იწყებოდეს.

ის, ვინც საზღვარგარეთ ერთხელ მაინც არის ნამყოფი და, სავარაუდოდ, ყველა მაღაზია აქვს გადაქექილი (ქართველები გოგონების დიდი ნაწილი უცხო ქვეყანაში ხომ ძირითადად ამით ინტერესდება) ძალიან კარგად იცის „შოფინგის“ ფასი. თუკი თბილისში გვერდებში ჩაკერილი და „ბრეტელებზე“ დამაგრებული ნაჭრის ფასი მინიმუმ 80-120 ლარიდან იწყება, იქ ეს თანხა გეყოფა იმისთვის, რომ შეიძინო: საზაფხულო კაბა, 2 ცალი საკაიფო მაისური,  სანდლები და + რაიმე სამკაულიც. რა თქმა უნდა ვგულისხმობ ბრენდებს, როგორიცაა Zara, H&M, Pink და სხვა.

პირადად მე „შოფინგზე“ ხშირად არ დავდივარ. საქართველოში ხომ მითუმეტეს. მაგრამ ეს საკითხი მაინც მაწუხებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღაზიებში მომუშავე ზოგიერთი ან უმეტესობა ცხოვრებაზე დაგრუზული კონსულტანტი მახსენდება, შესვლისთანავე მოღუშულ მზერას რომ გესვრიან, კარგად შეგათვალიერებენ და თუ ჩათვალეს, რომ მათ, ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველ, კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, შეიძლება ყურადღება მოგაქციონ.

ამ ყველაფრის ფონზე, ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ ინტერნეტ-შოფინგი ბოლო 2 წლის განმავლობაში აუხდენელი ოცნება აღარაა. ასე რომ, თუკი ვინმე ჯერ კიდევ უაზროდ ყრით ფულებს და ვინ იცის ვის ამდიდრებთ, ცუდი არ იქნება უცხოურ საიტებს გადახედოთ.

საქმეს გაგიმარტივებთ და აი რამდენიმე სასარგებლო ბმულიც:


სხვები ახლა არ მახსენდება. ვინც იცით, ქომენთებში დაამატეთ J

Thursday, June 16, 2011

ვიმოძრაოთ ქართულად

ამ თემას აუცილებლად მივუძღვნი სქელტანიან ნაშრომს, ოღონდ 50 წელს რომ გადავაბიჯებ და ადამიანის ფსიქოლოგიაზე კარგად დაკვირვებას შევძლებ. დღეს კი ჩვეულებრივი ქვეითის და ხანდახან მგზავრის პოზიციიდან ვიწყებ წერას.

ორი დღის წინ ბათუმიდან თბილისში ვბრუნდებოდი მანქანით. ქართველ მძღოლებზე ისედაც გაღიზიანებულსა და წარმოდგენა დაკარგულს ავტომაგისტრალზე ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ სულ დამაკარგინა ჭკუა.

სიტუაცია: გზაზე, რომელსაც თითოეული მიმართულებით სამოძრაოდ ორი სავალი ზოლი აქვს, ზუსტად შუა წყვეტილ ხაზზე დაახლოებით 70-80კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს ჯიპის ტიპის ავტომობილი. როგორღაც ყველაზე წინ აღმოჩნდა და უკან უზარმაზარი კოლონა მიჰყვება. აქედან ჩვენ გვერგო ბედნიერება მას ზუსტად უკან მივყოლოდით. 3-4 წუთის განმავლობაში იმედი გვქონდა, რომ აზრზე მოვიდოდა და რომელიმე კონკრეტულ ზოლს დაიკავებდა. არაფერიც. ჯერ მარცხნიდან, ყველანაირი წესის დაცვით, ვცადეთ გასწრება - არ გაგვატარა. მერე მარჯვნივ პირველი ზოლიდან დავაპირეთ გაპარვა და „მოგვაწვა“. იძულებული გავხდით უკან დავრჩენილიყავით და "დაგვეცადა, სანამ სიტუაცია შეიცვლებოდა" - როგორც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების წიგნი გვეუბნება. კიდევ დიდხანს ვივლიდით ასე, მაგრამ გაგვიმართლა და გადავასწარით. სხვათაშორის რულთან ახალგაზრდა გოგონა იჯდა და საკმაოდ გამიკვირდა, არ მეგონა ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენელი მსგავს შეცდომას თუ არ მოერიდებოდა. ქალებს ისედაც სულ ლანძღავენ, მაგრამ იმ სიტუაციას მე ძალიან კაცურ მომენტს დავარქმევდი, ან უფრო მომენტს სახელად "ხეპრე ტაქსის მძღოლი".

ახლა ქალაქში ჩამოვიდეთ: კარგად თუ დააკვირდებით, შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერებული მანქანებიდან ჯიპი ყოველთვის „სტოპ ხაზს“ გადაცილებულია (თან რაც უფრო დიდია და „ბლატნოი“ ნომერი აქვს, მით უფრო მეტად), ტაქსი ზუსტად შუა ზოლზე დგას და ვერ წყვეტს რომელ მხარეს სჯობს რომ გაყვეს, „მარშრუტკები“ - საერთოდ რა საჭიროა წითელზე გაჩერება.

პირველად არ მიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა არის მძღოლების ასეთი საქციელის მიზეზი. რამდენიმე მარტივი დასკვნა, რომელიც დაუფიქრებლად მომდის თავში:

  1. უბრალოდ „ტუპოია“.
  2. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და აქეთ-იქეთ არც იხედება.
  3. რამდენიმე კვირაა ახალი მანქანა ჰყავს და თავს ვერ აკონტროლებს.
  4. უზრდელია და ა.შ.
ახლა, როცა მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე, თეორია ვისწავლე და პრაქტიკაც გავიარე, ვხვდები, რატომ ამბობდნენ ყოველთვის, რომ თბილისში მანქანით სიარული ძალიან საშიშია. მითუმეტეს, სკუტერის ტარება გოგოსთვის. 

ისე მარტო საჭესთან მჯდომებსაც ვერ დავაბრალებთ საგზაო შემთხვევების სიხშირეს. არც ქვეითები აკლებენ ნამდვილად. "რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მანქანამ 19 წლის გოგონა გაიტანა"? იქნებ ასე იყოს უფრო სწორი: "რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე 19 წლის გოგონა ქუჩაზე გადადიოდა, სადაც არც ქვეითებისთვის გამოყოფილი სპეციალური გადასასვლელი იყო და არც შუქნიშანი. ეს კი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა". 


ნუთუ არ სჯობს, რომ დამთავრდეს წუწუნი იმაზე, თუ რამხელა თანხა დაიხარჯა ქალაქში გადასასვლელი ხიდების დასამონტაჟებლად და რომ ჯობდა ეს თანხა გაჭირვებულებისთვის მიეცათ. ამის ნაცვლად, შეგვიძლია სულ რაღაც 10-15 მეტრით ზედმეტი გავიაროთ და მიწისქვეშა/მიწისზედა გადასასვლელებით ვისარგებლოთ.

... თუ არა და ასე იქნება მანამდე, სანამ ყოველ მეორეს მანქანა ეყოლება, მასა კი იქნება დაუდევარი და უკულტურო.

The BUS: Amsterdam City Safari

ამსტერდამი - ქალაქი, რომლის ნახვის შემდეგ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში :) ის ყოველთვის იყო ჩემი ოცნების ერთ-ერთი მიმართულება, ბერლინის შემდეგ. 2009 წელს კი გამიმართლა და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე მოვხვდი. კიდევ უფრო გამიმართლა მაშინ, როცა ჯგუფი "Amsterdam City Safari" ავირჩიე: ამსტერდამის რამდენიმე საინტერესო უბანი დავათვალიერე, ნამდვილ ნიდერლანდერ რეჟისორებთან ვიმუშავე და მოგზაურობის დროს, გაჩერების გარეშე გადაღების ტექნიკა შევისწავლე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო, ჩემი აზრით, უფრო ჩანახატია, ვიდრე დოკუმენტური ფილმი, ქალაქის სული, ენერგია და სილამაზე ყველა კადრში იგრძნობა.

ENDEPRO "tierra virjen"

ზეშითან "ქალწული მიწა" (ესპანურად უკეთ ჟღერს, ვიცი :)) ჩემი პირველი მცდელობაა გადამეღო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი "ფილმი". ეს ესპანელები როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში, დღემდე არ ვიცი. მათ გადაღებებს ძლივს მივაგენით ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში. ფილმის პრეზენტაციაზეც არ ვყოფილვარ.

ის, რომ ესპანელების უმრავლესობა(განსაკუთრებით სამხრეთელები) ქართველებს ძალიან გავს ჩემი სუბიექტური დასკვნაა, რომელიც ესპანეთში ცხოვრების შემდეგ გამოვიტანე. ბევრი მეთანხმება, თან ძალიან ბედნიერი. ალბათ, უხარიათ, რომ დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ადამიანები ჩვენნაირად იქცევიან, აზროვნებენ. მე კი სულაც არ მომწონს. იქ იმისთვის გავიქეცი, რომ აქ ცხოვრება მომბეზრდა. თუმცა, ეს კიდევ სხვა თემაა და ერთ-ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნი. მოკლედ, საქართველოში ჩამოსული ესპანელებისგან მოსმენილი შთაბეჭდილებები იმაზე თუ როგორი ბუნება გვაქვს, როგორი კეთილი ხალხი ვართ, სტუმართმოყვარე, აქტიური, ლამაზი, გემოვნებიანი, ბლა, ბლა, ბლა ...ნამდვილად არ გამკვირვებია. ესპანელებსაც უყვართ გაზვიადება.

whatever! მე პირადად სუფთა დოკუმენტური ინტერესი მამოძრავებდა: დამეფიქსირებინა გადაღების პროცესი და უცხოელების თვალით დანახული საქართველო.

"ორნი"

ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ან "ფიჩერსი", როგორც გინდათ ისე დაარქვით, დაახლოებით 3 წლის წინ გადავიღე. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი. თუმცა, თემა, რომელიც ავარჩიე 2011-შიც აქტუალურია: ჯარი და პაციფიზმი, დავარქვათ პირობითად. ისე კი ეს უბრალოდ 2 ადამიანის პორტრეტია, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და მოქმედებენ. პირადად ჩემთვის, ორივეს პოზიცია გასაგებია და სხვათაშორის მისაღებიც. ის უფრო გამაღიზიანებდა, ყველა ერთნაირები რომ ვიყოთ.

"ინტრო"

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ადრე, სკოლაში ან უნივერსიტეტში მაინც მაიძულებდნენ წერას. თან ისეთ თემებზე, რომლებზეც ნამდვილად არ ვგიჟდებოდი :) მერე რამდენიმე წელი სხვისი ტექსტების რედაქტირებით (ან მთლიანად თავიდან წერით) მომიწია დაკავება. ერთ დროს დღიურების წერაც მიყვარდა, მაგრამ რამდენჯერმე კარგად ვერ დავმალე და ცუდად დამთავრდა ეგ ამბავი.
ახლა კი, ვფიქრობ, ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი, რომელიც სიტყვებისა და პირადად ჩემთვის უფრო მარტივად, ვიდეოების სახით შემიძლია გაგიზიაროთ.. ხოდა რაღა მე ვიკითხო და დავეთანხმო სხვის ნააზრევს, ჩემი იკითხონ/ნახონ და დამეთანხმონ 0_o ან არა ...